პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი წარუდგინა

14 სექტემბერი 2023, 18:24 1326 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა.

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები წარუდგინა.

მანამდე, მიმდინარე წლის ივნისში სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა, თუმცა პარლამენტმა მათ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მაშინ განაცხადეს, რომ კანდიდატების კომპეტენციასთან დაკავშირებით შეკითხვები არ ჰქონდათ, მაგრამ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კონსულტაციები არ გამართულა და კანდიდატებზე წინასწარ არ შეთანხმებულან.

ეროვნული ბანკის საბჭო სებ-ის უმაღლესი ორგანოა. საბჭო ცხრა წევრისაგან შედგება. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ორი ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს სხვა წევრები. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი შვიდი წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ამჟამად საბჭოში შვიდი წევრია, ორი ადგილი კი ვაკანტურია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში