საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ თბილისში, მთაწმინდის ოლქში, სავარაუდოდ, მეორე ტური იქნება.
მთაწმინდაზე ერთმანეთს ''ქართული ოცნების'' კანდიდატი ლადო კახაძე და ''ევროპული საქართველოს'' კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდნენ.
მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ სხვა მუნიციპალიტეტებში და საარჩევნო ოლქებში, მმართველი გუნდის კანდიდატები დამაჯერებლად იმარჯვებენ.
''იმ ინფორმაციით, რომელიც შემოსულია ჩვენთან, ყველგან ლიდერობენ და პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები. რაც შეეხება თბილისს, აქ, სავარაუდოდ, მეორე ტური გვექნება,'' - განაცხადა პრემიერმა.
მთაწმინდის ოლქში, შუალედურ არჩევნებში 20 კანდიდატი იყო რეგისტრირებული.
არჩევნები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გამო ტარდება, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში, მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო.