მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხე არსად წასულა, ამიტომ, საჭიროა, გონივრულად, მტკიცედ გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს - ირაკლი ღარიბაშვილი

24 მარტი 2024, 14:39 976 ნახვა

ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა გურიაში, შევხვდი პარტიის აქტივს, ჩვენი გუნდის წევრებს, ყველა რეგიონში ჩავდივართ, რათა მოვამზადოთ პარტია არჩევნებისთვის, ეს არჩევნები, ჩვენ, ძალიან ძლიერად უნდა მოვიგოთ, – ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მმართველ გუნდს სურს, რომ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

„უნდა გავიმარჯვოთ, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება, რომ არ მივცეთ საშუალება ჩვენი ქვეყნის მტრებს და ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებს, რომ ქვეყანამ შეწყვიტოს მშვიდობიანი განვითარება.

 

გურიაში ძალიან მაგარი განწყობაა, ჩვენი საამაყო გურულები არიან მოტივირებულები, რომ ეს არჩევნები ძალიან ძლიერად მოვიგოთ გურიაშიც. ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ უნდა მოვახერხოთ მაქსიმალური მობილიზება, რათა ჩვენმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

 

ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ახლა არის ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. ძალიან რთული დროა, მე ჩვენი გუნდის წევრებს ვუთხარი, რომ ის საფრთხე, რაც შარშან და შარშანწინ იყო, ვგულისხმობ მეორე ფრონტის გადმოტანის საფრთხეს, არსად წასულა. ამიტომ, საჭირო არის გონივრულად მშვიდად და მტკიცედ გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის ლიდერებთან ერთად, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდა. 

„ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრები, რეგიონებში, 2 მარტს დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში