ქობულეთის ''შუქურა'' შესაძლოა გასხვისდეს - რევაზ ჩელებაძე

19 მარტი 2019, 00:00 2117 ნახვა

ქობულეთის „შუქურა“ შესაძლოა მალე გასხვისდეს - ამის შესახებ საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა  გადაცემა ''სპორტ-კლუბში“განაცხადა. რევაზ ჩელებაძის თქმით, მათი სურვილია კლუბის სპონსორი ჯუმბერ გოგიტიძე გახდეს, ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უკვე მიაწოდეს ინფორმაცია, თანხმობა მიღებული აქვთ თავად ჯუმბერ გოგიტიძისგანაც

''გვქონდა შეხვედრა მთავრობის თავმჯდომარესთან და შევათანხმეთ ერთი კანდიდატი, რომელიც ჩვენ გვინდა რომ იყოს ჩვენი სპონსორი, გვერდშიმდგომიც, დამფინანსებელიც, აქციების მფლობელიც - ეს პიროვნება არის ჯუმბერ გოგიტიძე. ამაზე თორნიკე რიჟვაძისგან მივიღეთ თანხმობა. გოგიტიძე მოვიდა თავისი გუნდით, ნელნელა გამოჩნდება ყველა ვინც გუნდში იქნება, ამ ეტაპზე ენრი ცეცხლაძე და თბილისელი ბიჭები. ამით გუნდი დაშლას გადაურჩა'' - თქვა აჭარის მაუწყებლის ეთერში ჩელებაძემ. 

​საფეხბურთი კლუბი ამჟამად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. მერის მოადგილე დავით ვერულიძე ამბობს, რომ ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ადასტურებს რომ კლუბის ყიდვით ინვესტორთა ჯგუფია დაინტერესებული.

ვერულიძის თქმით, სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს და მერიაში მსჯელობენ რა ფორმით მოხდება „შუქურას“ განკარგვა - ინვესტორს მისცენ კლუბის მართვის უფლებას, თუ სახელმწიფო ორგანიზაციის წილი გაიყიდება. 

ქობულეთის ''შუქურა“ ეროვნულ ლიგა 2-ში პირველ ადგილზე იმყოფება. კლუბმა ორი თამაში მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა. ქობულეთური კლუბი მომდევნო სამ თამაშს ბათუმში ანგისის ბაზაზე გამართავს, რადგან ქობულეთის „ჩელე არენას“ ინფრასტრუქტურა მწყობრიდანაა გამოსული. კლუბი აქამდე თამაშებს ფოთში მასპინძლობდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში