მოქალაქეები დღეს სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ონკანიდან დაბინძურებული წყალი მოდიოდა. აინტერესებდათ რამდენად უსაფრთხო იყო წყალი სასმელად.
რატომ მოდიოდა ამღვრეული წყალი, ამის შესახებ მოქალაქეებს ინფორმაცია არ ჰქონდათ. წერდნენ, რომ მას მუქი შეფერილობა და სპეციფიკური სუნი ჰქონდა.
შემთხვევიდან რამდენიმე საათში ''ბათუმის წყალმა'' განმარტების სახით განცხადება გაავრცელა. კომპანიაში დაადასტურეს, რომ ქალაქის რამდენიმე უბანში აბონენტებს ნამდვილად ამღვრეული წყალი მიეწოდებოდათ. უყების ცნობით, ძირითადად ე.წ. ჭაობის ტერიტორიაზე წყალი, წყალმომარაგების სისტემაზე სარემონტო სამუშაოების შესრულების გამო აიმღვრა.
''ბათუმის წყლის'' წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ონკანიდან წყალი 10-15 წუთის განმავლობაში ადინონ, მანამდე დასალევად და საჭმლის მოსამზადებლად არ გამოიყენონ. ასეთ შემთხვევაში კი წყლის მიღება ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.
თუ მოქალაქეებს სურვილი გაუჩნდებათ წყლის ხარისხი ლაბორატორიულად მაინც შეამოწმონ, ცხელი ხაზის ნომერზე უნდა დარეკონ.
''ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ ეტაპისთვისაც მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის გარეცხვის მიზნით სამუშაოები. მოსახლეობას ვთხოვთ, წყალმომარეგების სისტემაში არსებული ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით, ონკანიდან ადინონ წყალი.
დამატებით, შპს „ბათუმის წყალის“ აბონენტებს ვაცნობებთ, რომ სახლში წყლის ხარისხის შემოწმების სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქოლ-ცენტრის ნომრებზე (0422) 24 22 22, ან 1152 - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
''ბათუმის წყალში'' ამბობენ, რომ ბაზაში დაფიქსირებულ ნომრებზე აბონენტებს შეფერხებისა და ხარვეზის შესახებ ინფორმაცია sms-ს შეტყობინებით გაუგზავნეს.
ფოტო: ირინე წუწუნავა