საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის მეორე შეხვედრა გამართა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ამჯერად ისრაელი დაამარცხა 7:0, ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა და მომდევნო ეტაპის საგზური ნაადრევად მოიპოვა. ნაკრებმა პირველი ეტაპი 5:0 მოიგო, მეორე ტაიმში მწვრთნელმა გუნდის შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა და მათ ორი გოლის გატანა კიდევ შეძლეს. ჩვენი ნაკრები მომდევნო შეხვედრას დანიასთან 2 თებერვალს გამართავს.
NBA-ს მორიგ ტურში "დეტროიტმა" "დალასს" უმასპინძლა და 4-ქულიანი სხვაობით, 93:89 დაამარცხა. მანსპინძელთა რიგებში სათადარიგო იყო და მოედანზე 11 წუთი გაატარა ზაზა ფაჩულიამ, რომელიც გუნდს 4 ქულით, 1 პასით და 2 მოხსნით დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ "პისტონსმა" პირველი სამი მეოთხედი წააგო, მეოთხე კი 11-ქულიანი უპირატესობით მოიგო და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა. ყველაზე მეტი ქულა "დალასის" კალათბურთელ ჰარისონ ბარნსის ანგარიშზეა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო. მასპინძელთაგან კი 24-24 ქულა მოიპოვეს ანდრე დრამონდმა და ბლეიკ გრიფინმა. 50 შეხვედრის შემდეგ "დეტროიტს" 22 გამარჯვება და 28 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. ზაზა ფაჩულიას გუნდი შემდეგ შეხვედრას "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" 3 თებერვალს, გამართავს.
ბილბაოში, ‘სან მამესზე’ ქალ ფეხბურთელთა მატჩმა სრული ანშლაგით ჩაიარა. ესპანეთის თასის მე-4-დ ფინალური შეხვედრის სანახავად, რომელშიც ერთმანეთს ატლეტიკი და ატლეტიკო დაუპირისპირდნენ, 48 121 მაყურებელი დაესწრო. ბასკები ამტკიცებენ, რომ ქალთა გუნდებს შორის მატჩის დროს შეკრებულმა გულშემატკივრების სიმრავლემ ევროპული რეკორდი დაამყარა, თუმცა, ინგლისში სხვაგვარად ფიქრობენ. ბრიტანელები ირწმუნებიან, რომ 1920 წელს ლივერპულში ქალ ფეხბურთელთა მატჩს 53 ათასი ადამიანი დაესწრო. ნამდვილად იმის თქმა შეიძლება, რომ ბილბაოში დაფიქსირებული რაოდენობა ესპანურ ქალთა ფეხბურთში რეკორდულია, მსოფლიოში კი - ერთ-ერთი საუკეთესო. რაც შეეხება კონკრეტულად მატჩს, ატლეტიკის საშინაო არენაზე ანშლაგის მიუხედავად, გამარჯვება მადრიდელებმა 2:0 მოიპოვეს.
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ჩემპიონატის Pრო ჭრესტლინგ Lეაგუე-ის მეოთხე სეზონი ყველაზე წარმატებული დავით მარსაგიშვილისთვის გამოდგა. მარსაგიშვილმა შვიდიდან შვიდივე შეხვედრა მოიგო, აქედან ორჯერ საქართველოს ჩემპიონატის ფინალში მარცხისთვის რევანშის აღებაც მოახერხა და ირაკლი მწითური ჯგუფურ ეტაპზე 5:0 ნახევარფინალში კი 4:2 დაამარცხა. ინდოეთის პროლიგამ ყურადღება თავისი ვარსკვლავრი შემადგენლობით თავიდანვე მიიქცია. ორგანიზატორებმა ტიტულოვანი სპორტსმენები მაღალი ჰონორარებით დააინტერესეს, რომელიც ბევრად აღემატებოდა ირანისა და გერმანიის ანალოგიურ საკლუბო ჩემპიონატებს.
იმისთვის, რომ ზურგის ტვინის დაავადება განკურნებადი გახდეს, საქართველო მეექვსედ ირბენს მსოფლიოსთან ერთად. მსოფლიო რბენა, ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიებაა მსოფლიო სპორტის ისტორიაში. საქველმოქმედო გარბენი 5 მაისს, კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან, კავკასიონის ქედის გასწვრივ იმართება, რომელსაც მესამე წელია, საქართველოს მთავრობა სრულად აფინანსებს. საქართველოს განათლების, სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციას მინისტრმა მოადგილეებთან მსოფლიო რბენის სპორტულ დირექტორ კოლინ ჯექსონთან და ფედერაციის სპორტი ყველასათვის პრეზიდენტ, მაია აზარაშვილთან ერთად მსოფლიო რბენის მნიშვნელობასა და ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების ძიებაში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს. 2019 წლის მსოფლიო რბენისთვის მონაწილეების რეგისტრაცია 30 იანვარს დაიწყება და 2 მაისამდე გაგრძელდება ვებგვერდზე wings for life world run.com