ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ძალადობის ბრალდებით დააკავეს

22 იანვარი 2019, 00:00 1914 ნახვა

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე დააკავეს, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ფედერაციის პრეზიდენტი სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ძალადობის მუხლით აიყვანეს.


"შსს-მ საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. 
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს" - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება.

2019 წლის 11 იანვარს, ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის გამართულ ფინალურ შეხვედრაზე,  მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მასობრივი ჩხუბი მოჰყვა. დაპირისპირებაში სპორტსმენებთან ერთად საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. მოგვიანებით, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ზურაბ დათუაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მასზე ფიზიკურად იძალადა, თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რის გამოც თანამდებობა უნდა დატოვოს

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში