სპორტის სიახლეები

18 იანვარი 2019, 00:00 1820 ნახვა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეს, მძიმეწონოსან დავით მოძმანაშვილს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული ვერცხლის მედალი ჩამოართვა. გადაწყვეტილების მიზეზი დოპინგი გახდა. სინჯის ხელახალმა კვლევამ  სპორტსმენის სისხლში აკრძალული პრეპარატი ტურინაბოლი გამოავლინა, რის გამო მას დისკვალიფიკაციაც მისცეს. დღეისათვის უზბეკეთის სახელით მოასპარეზე ქართველი სპორტსმენი ლონდონში საქართველოს ღირსებას იცავდა და ფინალამდე გავიდა, სადაც უზბეკ არტურ ტაიმაზოვთან დამარცხდა. 2017 წელს მოძმანაშვილმა სწორედ უზბეკეთის მოქალაქეობა მიიღო და შარშან აზიის თამაშებიც მოიგო, კონტინენტის ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველომ ჯამში 7 მედალის მოპოვება შეძლო მათ შორის ოქრო, ლაშა შავდათუაშვილმა მოიგო.

15 თებერვალს  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს  აირჩევენ. ჯერჯერობით, კანდიდატი მხოლოდ ერთია: ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.  კობიაშვილი კანდიდატად დღეს,  დარეგისტრირდა ბოლო ვადა კი  21 იანვარია.  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 30 -მა ხმის უფლების მქონე დელეგატმა უნდა აირჩიოს მათგან 27-მა უკვე  ლევან კობიაშვილი კანდიდატად  წარადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს დიდი მხარდაჭერა აქვს და 15 თებერვლის ყრილობა ფორმალურ ხასიათს ატარებს. დიდი ალბათობით, ლევან კობიაშვილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იქნება.

ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე კარიერას UFC-ში გააგრძელებს. დოლიძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ მისი კარიერის მომდევნო ეტაპი UFC იქნება და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.ქართველმა მებრძოლმა  ბოლო შეხვედრა პოლონელ მიხეილ პასტერნაკთან გამართა და ნოკაუტით იმარჯვა.მას შერეულ საბრძოლოს ხელოვნებაში მსოფლიოს მებრძოლთა ორგანიზაციის მიერ გამართული 6 ბრძოლიდან 6-ვე მოგებული აქვს.ქართველის წონაში მოქმედი ჩემპიონი ჯონ დუაით ჯონსია, რომელსაც 25  ბრძოლიდან 23 მოგებული აქვს, ერთხელ დამარცხდა და ერთხელაც დისკვალიფიკაცია დაიმსახურა.

ხვალ და  ზეგ ბაკურიანში 2019 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპი ჩატარდება . შეჯიბრება დიდველის ფერდობზე სლალომსა და გიგანტურ სლალომში გაიმართება. მოთხილამურეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ. შეჯიბრებაში აჭარის, გუდაურის, ბაკურიანის და  მესტიის   ნაკრები გუნდები მონაწილეობს, რომლებმაც გასული წლის შიდა რეგიონალურ ჩემპიონატებზე წარმატებას მიაღწიეს და საქართველოს მთავარ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.შეჯიბრებაში აჭარიდან სულ 18 სპორტსმენი იასპარეზებს.

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი  ავსტრალიის ღია პირველობას დაემშვიდობა. იგი მსოფლიოს მე-15 ჩოგანთან ბერძენ სტეფანოს ციციპასთან  4 სეტში დამარცხდა. საქართველოსა და საბერძნეთის პირველი ნომრების დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა რომელიც თითქმის სამი საათი გაგრძელდა. პირველი სეტი ბასილაშვილმა 3:6 დათმო, თუმცა მეორე სეტში ამავე ანგარიშით მოიგო. ყველაზე დრამატული მესამე სეტი გამოდგა, გამარჯვებულის გამოსავლენად ტაიბრეიკი გახდა საჭირო, რომელიც ბერძენმა ჩოგბურთელმა 9:7 მოიგო და საბოლოოდ შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. მეოთხე სეტში კი უპირატესობა ხელთ ბერძენმა იგდო და 6:4  მოიგო. ეს ამ სპორტსმენების პირველი შეხვედრა იყო. ციციპასის მომდევნო მეტოქე როჯერ ფედერერი იქნება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში