გაგრძელდება თუ არა ვირუსების გამო საბავშვო ბაღებში არდადეგები

08 იანვარი 2019, 00:00 4978 ნახვა

გრიპით ვირუსით ინფიცირებულთა დიდი მაჩვენებლის გამო, ბათუმის ბაღების გაერთიანებაში მსჯელობენ გააგრძლონ თუ არა საბავშვო ბაღებში არდადეგები - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორმა მამუკა შამილიშვილმა განუცხადა.

შამილიშვილის განცხადებით, ისინი შესაბამის რეკომენდაციას ჯანდაცვის სამინისტროსგან და ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისგან ელოდებიან. 

"ახლა გვქონდა ამ თემაზე საუბარი ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან. მართალია ეპიდემია არ არის, მაჩვენებლები გაცილებით დაბალია, ვიდრე ეპიდემიის შემთხვევაში, თუმცა ვინაიდან ლეტალური ფაქტები დაფიქსირდა, ვმსჯელობთ გაგრძელდეს თუ არა არდადეგები, ვიდრე ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები არ შეიცვლება. 

ჩვენ მთლიანად ვეყრდნობით სპეციალისტების მონაცემებს და რეკომენდაციებს, ორ დღეში უკვე გვეცოდინება რეკომენდაცია და მივიღებთ გადაწყვეტილებას" - გვითხრა მამუკა შამილიშვილმა.

სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საბავშვო ბაღებში 15 იანვრიდან უნდა განახლდეს. 

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით H1N1 ვირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 4 აჭარაში. შემთხვევათა უმეტესობის დროს, ჯანდაცვის ორგანიზაციების თქმით, პაციენტებს თანდართული ჰქონდათ ქრონიკული დაავადებები, რაც თავის მხრივ ართულებს მკურნალობას.

 აჭარაში გრიპის ვირუსით ინფიცირებული 170 პირი მკურნალობს.  ბავშვთა სამედიცინო დაწესებულება ბათუმში ფაქტობრივად გადავსებულია. მიმართვიანობა ისევ მაღალია, თუმცა ამბობენ, რომ არ არის ეპიდემიის საშიშროება. რისკჯგუფში ორსულები და ბავშვები არიან.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ  ვითარება ეპიდემიად იმ შემთხვევაში შეიძლება  შეფასდეს, თუ H1N1-ის  ვირუსით 100 000 მოსახლიდან 450-500 ადამიანი იქნება დაინფიცირებული. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი