ბექა ბოლქვაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა ბათუმის ხელოვნების მუზეუმში. მხატვარმა დამთვალიერებელს ბოლო პერიოდში შექმნილი ნამუშევრები წარმოუდგინა. თემატიკა საერთოა, თუმცა ექსპოზიცია სამ სხვადასხვა ციკლს მოიცავს. საგამოფენო სივრცე დაეთმო ხელოვანის მიერ პლენერის დროს შესრულებული ნახატების სერიას, გამოფენილია პროექტ “ლაბორატორია 2/20“ის ფარგლებში მომზადებული ტილოები, ასევე ახალი ნამუშევრები, რომელიც დღეს პირველად გამოიფინა.
ექსპოზიციას მუსიკალურად აფორმებდა ჯგუფი “ასეა სულ“. ბექა ბოლქვაძეს ბათუმში არაერთი პერსონალური და ერთობლივი გამოფენა ჰქონდა, იგი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებშიც. მისი ნამუშევრების გამოფენა ხელოვნების მუზეუმში 14 დეკემბრამდე გაგრძელდება. პროექტის მხარდამჭერი აჭარის კულტურის სამინისტროა.