ზურაბიშვილის სასარგებლოდ სავარაუდოდ, ყალბი პასპორტების დამზადება იგეგმება - ამბობენ მესამე სექტორში

20 ნოემბერი 2018, 00:00 1869 ნახვა

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნები“ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე საუბრობს.

მესამე სექტორის წევრებმა დღეს ბრიფინგზე თქვეს, რომ სავარაუდოდ ყალბი პასპორტების დამზადება მიმდინარეობს. ინფორმაცია კი მათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, წყარო ამბობს, რომ ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.

„წყაროს ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ  გადაწყდა. მისი თქმით, ამ პროცესს ხელმძღვანელობენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძე. წყაროს განმარტებით, წინა კვირას ამ თემაზე სპეციალური თათბირიც ჩატარდა. გეგმის თანახმად, ერთ ადამიანზე უნდა დაბეჭდილიყო ხუთი პირადობის მოწმობა, რომლებშიც სხვადასხვა სახელი გვარი და პირადი ნომერი მიეთითებოდა, ხოლო ფოტო ამ ერთი პირის იქნებოდა. ამ პირის მონაცემები აისახება რამდენიმე საარჩევნო უბნის საარჩევნო სიაში და შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ერთმა ადამიანმა სხვადასხვა პირადობით რამდენიმე უბანზე მისცეს ხმა, რაც ე.წ “კარუსელის” პრინციპით ხმის მიცემას წარმოადგენს“, – აცხადებენ არასამთავრობოები.

ყალბი დოკუმენტების დამზადება და არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და გამოძიება უნდა დაიწყოს - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

''ასეთმა ქმედებებმა შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს საარჩევნო გარემოს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმურობა. აუცილებელია, რომ შესაბამისი საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ პირადობის მოწმობების სავარაუდო გაყალბების ფაქტით. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და მიიღოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები“.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი