''ქართული ოცნების'' დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ისინი კანონიერების ფარგლებში მოქმედებენ. პარლამენტის წევრი საარჩევნო უბნებზე ხალხის მობილიზების საკითხს გამოეხმაურა.
დღეს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტიების წარმომადგენლები მოქალაქეებს ურეკავენ და არკვევენ იყვნენ თუ არა ისინი არჩევნებზე. ასევე კენჭისყრის შენობის მიმდებარე პერიმეტრზე არიან ჯგუფები, რომლებსაც სიები აქვთ.
''იდენტიფიცირება იმისა, რომელი მხარდამჭერი გამოცხადდა და რომელს მოვუწოდოთ მივიდეს, ბუნებრივია კანონიერ ჩარჩოში და ფარგლებშია. ეს არის ნორმალური და ლეგიტიმური. ამას საარჩევნო პროცესში ყველა პოლიტიკური ძალა აკეთებს და უკანონო არაფერია'' - თქვა დეპუტატმა.
თამარ ჩუგოშვილი თქმით, საარჩევნო დამკვირვებლების განცხადებებიც მოისმინა, სადაც ისინი ამბობენ, რომ ეს უკანონო ქმედება არ არის.
''შესაბამისად ამაში განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ'' - თქვა დეპუტატმა.
პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ჩუგოშვილმა თქვა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა ოპონენტები დღის მეორე ნახევარში, ხელვაჩაურსა და ბოლნისში ვითარების დაძაბვას გეგმავენ, რისთვისაც ხალხის მობილიზება უკვე დაწყებულია.