„გირჩის“ მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, „გირჩის“ მიერ გავრცელებული განცხადებების საფუძველზე, ე.წ. მარიხუანას ფესტივალის ორგანიზების ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება 13 ოქტომბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მეორე და მერვე ნაწილებით დაიწყო, რაც მცენარე კანაფის/მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს. ტექსტში აღნიშნულია, რომ ე.წ. ფესტივალის დაანონსების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა არაერთი განცხადება, რომლითაც საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ფესტივალის მართლსაწინააღმდეგო ხასიათისა და საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი მთელი რიგი ქმედებების შესახებ.
ფესტივალის ორგანიზატორებს მოვუწოდეთ, თავი შეეკავებინათ ნარკოტიკული საშუალებების პოპულარიზაციის, სამართალდარღვევების ჩადენის წახალისების და ღონისძიების ორგანიზებისგან, გაფრთხილებების მიუხედავად, 20 ოქტომბერს, დედაენის ბაღში ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას გასაღებისა და მოხმარების მიზნით, შეიკრიბნენ „გირჩის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, თუმცა, დედაენის ბაღში შეკრებილებმა ვერ შეძლეს ე.წ. ფესტივალის გამართვა“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.