პატარკაციშვილის სიკვდილიდან 10 წლის შემდეგ, მკვლელობის მომზადების საქმე გაიხსნა

17 ოქტომბერი 2018, 00:00 2749 ნახვა

აუდიო ჩანაწერების მოპოვებიდან, ორი წლის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ერთი პირი დააკავეს, რამდენიმე პირს კი ბრალი წაუყენეს.

საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი გ.მ.

კითხვაზე, თუ ჩანაწერები 2016 წელს იპოვეს, ახლა 2 წლის შემდეგ რატომ წაუყენეს პირებს ბრალი და არა მაშინვე, პროკურატურაში პასუხობენ, რომ ჩანაწერების შესწავლას დრო სჭირდებოდა. ხოლო რა ახალი გარემოება გამოიკვეთა დღეს? პროკურორს ჟურნალისტის კითხვაზე პასუხია აღარ გაუცია.

პროკურატურის განმარტებით, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა აღმოაჩინეს. 

''2007  წლის 4 თებერვლის ჩანაწერში  კუდის მაღალჩინოსანი ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს.  საუბრისას გ.დ. ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარკაციშვილი  მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია. ჩანაწერის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ ლიკვიდაცია კუდმა უნდა განახორციელოს. რაც შეეხება მეორე ჩანაწერს, რომელიც 2007 წლის 5 თებერვლით თარიღდება, მასში ასახულია ე.წ. „მოდულის“ შენობაში გამართული თათბირი, რა დროსაც კუდის მაღალჩინოსანი გ.დ., მის დაქვემდებარებაში მყოფი  ასევე კუდის თანამშრომლები და ამჟამად ბრალდებულები ლ.ქ.;  რ.შ. და გ.მ., პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების მიზნით, ბადრი  პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებენ. საუბრის მიხედვით, ისინი განიხილავენ პატარკაციშვილის ლიკვიდაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, მათ შორის დაცვის თანამშრომელთა სიის მოპოვების და პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობებს. ასევე მსჯელობენ  მკვლელობის სხვადასხვა გზებზე, კერძოდ, მისი ისეთი ნივთიერებით  მოწამვლაზე, რაც  ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს გამოიწვევს. ამავე საუბრის თანახმად დგინდება, რომ ყველა საკითხი, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესაბამისი მეთოდები თანხმდება  კუდის იმდროინდელ ხელმძღვანელ  დათა ახალაიასთან'' - განაცხადეს პროკურატურაში.

საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებით და წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მკვლელობის მოსამზადებლად მუდმივად კონტროლდებოდა ბადრი  პატარკაციშვილის გადაადგილების მარშრუტი, მათ შორის აეროპორტის ის გასასვლელები, რომლითაც იგი სარგებლობდა. 

ჩანაწერის მონაწილე კუდის სამი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა მიმდინარეობს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

''რაც შეეხება კუდის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს გ.დ.-ს, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ  საქართველოში მისი ექსტრადირება  ნიდერლანდების სამეფოში დაკავების შემდეგ განხორციელდა.  შესაბამისად, მის მიმართ დევნის დაწყებისა და ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის  თანხმობის მისაღებად, პროკურატურა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პრაქტიკას გამოიყენებს'' - განაცხადა პროკურორმა ბრიფინგზე. 

აუდიოჩანაწერების სრული ვერსია მოისმინეთ ლინკზე

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი