''ოჯახის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილი ნაცემია'' - სახალხო დამცველი

03 ოქტომბერი 2018, 00:00 1757 ნახვა

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ოჯახის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზზე რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილი ნაცემია.

''ცემის ფაქტი ქარძმანში განლაგებულ რუსულ ბაზაზე დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულს ჰყავს ადვოკატი, მასაც არ მიეცა მაია ოთინაშვილის მონახულების საშუალება.  ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული არ მოუნახულებია არც ერთ დამოუკიდებელ დამკვირვებელს'' -  ამის შესახებ ნინო ლომჯარია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. 

მაია ოთინაშვილის დაკავების ფაქტს სახალხო დამცველის ოფისი განცხადებითაც ეხმაურება.

„2018 წლის 29 სექტემბერს დილით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით საქართველოს მოქალაქე, სამი არასრულწლოვნის დედა მაია ოთინაშვილი გაიტაცეს. თვითმხილველების მიერ სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, შეიარაღებული, ნიღბიანი პირების მიერ მოქალაქის გატაცება საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან, მავთულხლართიდან დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 2 ოქტომბერს მაია ოთინაშვილს დე ფაქტო სასამართლომ ე.წ. „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ასევე „ბრალად ედება“ თანხის სანაცვლოდ მოქალაქეების „საზღვრის უკანონო გადაკვეთაში“ დახმარება“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენის თქმით, პრობლემებს კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ საერთაშორისო უფლებადაცვითი და სადამკვირვებლო ორგანიზაციები კონფლიქტურ რეგიონებში შეღწევას ვერ ახერხებენ.

„2008 წლის აგვისტოს ექვსპუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევით, რუსეთის ფედერაცია აბრკოლებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გავრცელებას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაააქტიუროს ძალისხმევა, მათ შორის რუსეთის დარწმუნების გზით, კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო წარმომადგენლობების დაშვების უზრუნველსაყოფად'' – წერია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლისა და თავისუფლების, თავისუფალი გადაადგილების უფლების დარღვევის ფაქტები, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მოლაპარაკების დღის წესრიგში შეიტანონ.

37 წლის მაია ოთინაშვილი ოკუპანტებმა, გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელ ახალი ხურვალეთიდან, 29 სექტემბერს გაიტაცეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი