სპორტის სასახლეში მიმდინარე 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დასკვნით ფაზაში შედის. ქართველი გულშემატკივრის ყურადღება ძირითადად საქართველოს ქალთა ნაკრებისკენ არის მიმართული, რომელიც მედლებისთვის იბრძვის. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუშინ მე-5 ნომრად განთესილ ინდოეთის ნაკრებს შეხვდა და 2:2 ითამაშა. შვიდი ტურის შემდეგ, ქალ მოჭადრაკეთა შორის სატურნირო ცხრილს, 13 ქულით, სომხეთის გუნდი ლიდერობს. 12-12 ქულით, მეორე-მეოთხე ადგილებს ჩინეთის, უკრაინის, საქართველოს პირველი და რუმინეთის გუნდები ინაწილებენ.
საქართველოს მეორე ნაკრებმა, რომელიც სატურნირო ცხრილში 11 ქულით 11-ე ადგილზეა, მეშვიდე ტურში ფილიპინების გუნდს 3:1 მოუგო, საქართველოს მესამე ნაკრების წევრებმა ავსტრიის ნაკრების წარმომადგენლებს მშრალი ანგარიშით – 4:0 სძლიეს. ვაჟთა ნაკრებმა დამაჯერებლად დაამარცხა მაკედონია (4:0), თუმცა განვლილ 6 ტურში ძალიან ბევრი ქულა დაკარგა .ვაჟთა მეორე ნაკრები 1.5:2.5 დამარცხდა კოლუმბიასთან. ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა მესამე ნაკრებმა 1:3 წააგო მოლდოვასთან.დღეს, მერვე ტურში, საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები ყაზახეთის, მეორე აზერბაიჯანის ხოლო მესამე ალჟირის რესპუბლიკის წარმომადგენლებს უპირისპირდება. რაც შეეხება ვაჟებს, საქართველოს პირველი ნაკრები მოლდოვის, მეორე ნეპალის, მესამე კი ინდონეზიის გუნდის მეტოქეა.