აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებები სამინისტროების დაქვემდებარებაში გადადის

28 სექტემბერი 2018, 00:00 3171 ნახვა

აჭარის მთავრობის ოთხი საქვეუწყებო დაწესებულება სამინისტროების დაქვემდებარებაში გადავა. ცნობილია, რომ აჭარის საარქივო სამმართველო - განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი - ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, გარემოს დაცვის სამმართველო კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაექვემდებარება. 

საქვეუწყებო დაწესებულებები წლის ბოლომდე იგივე სტატუსით იმუშავებენ. 

საქვეუწყებო დაწესებულებების სამინისტროების დაქვემდებარებაში გადასვლა, აჭარის ახალი კონსტიტუციისა და მთავრობის სტრუქტურისა და უფლებამოსილების კანონის შესაბამისად მოხდა. 

ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სხდომაზე გააკეთა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში ნახევარ საათზე მეტია მიმდინარეობს. 

''ეს სტრუქტურული ცვლილებები გაგრძელდება. დღეიდან უკვე დაიწყო სტრუქტურული ანალიზი და 2019 წლის პირველ კვარტალში, ჩვენ უნდა გვქონდეს უკვე გაერთიანებული სტრუქტურული ერთეულების სიღრმისეული ანალიზი, რომელიც მოგვცემს საშუალებას უფრო ოპტიმალური და მცირე მთავრობის კონცეფციასთან შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ. ეს ცვლილებები გამოიწვევს გარკვეული ფუნქციების დუბლირებას, რასაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

მცირე მთავრობის კონცეფცია თორნიკე რიჟვაძე დაანონსა. რეორგანიზაცია მთავრობის აპარატიდან დაიწყო. 29 აგვისტოს,  სამი დეპარტამენტი გაუქმდა, ორი კი გაერთიანდა.

დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრები, დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ რამდენიმე საკითხზე იმსჯელებენ. მათ შორის ინვესტორებისთვის ვალდებულებების გადახედვის წესის კანონპროექტზე.

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი