ბულვარში მოძრაობის წესების დარღვევის გამო, დღეში 5 მოქალაქე ზიანდება

27 აგვისტო 2018, 00:00 2174 ნახვა

ტურისტულ სეზონზე, ბულვარის მთელ ტერიტორიაზე  ელექტრომობილებისა და ველოსიპედების გადაადგილება გახშირდა. მოქალაქეები ხშირად წესებს არ იცავენ და ამ საშუალებით ველობილიკების მიღმაც მოძრაობენ.  

მოძრაობის წესების დარღვევის გამო დღეში დაახლოებით 5 მოქალაქე ზიანდება. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ იყო რამდენიმე მძიმე შემთხვევაც.

მედიკოსების ინფორმაციით, ფიქსირდება როგორც ქვეითებზე დაჯახების, ასევე თვითდაზიანების ფაქტები. 

სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ყვება, რომ ​ხშირად ტრავმას ბავშვები იღებენ. 

''ფიქსირდება ველოსიპედიდან ჩამოვარდის, წაქცევის შემთხვევები. ელექტრომობილებითა და მოპედებით ხშირად მოქალაქეებს ეჯახებიან. სტატისტიკას თუ გადავხედავთ ძირითადად ხელს ან ფეხს იზიანებენ. შეიძლება დღეში 5 ან 6 შემთხვევაც დაფიქსირდეს'' - ამბობს აჭარის მაუწყებელთან ბადრი პაქსაძე.  

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბათუმის მერიისგან ითხოვს ახალი რეგულაციის დაწესებას, რომლითაც უწყება შეძლებს ეფექტიანად გააკონტროლოს ბილიკებზე ქვეითებისა და ველოსიპედების, ან ელექტრომობილების გადაადგილება. უწყებაში აცხადებენ, რომ ელექტრომობილებისა და ველოსიპედებისთვის მოძრობა მათთვის განკუთვნილ ზოლშია ნებადართული. კანონდამრღვევი 20 ლარით ჯარიმდება.

თუმცა ბულვარის მონიტორინგის სამსახური მხოლოდ იმ მეწარმეებს აკონტროლებს, რომლებთანაც ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული.

დასაქმებულებს დამქირავებლისთვის ჩაფხუტის ტარებისა და ტრანსპორტის მართვის წესების შესახებ ინსტრუქტაჟის ჩატარება ევალებათ. 

სეზონის განმავლობაში ბულვარში მოქალაქეებზე ველოსიპედისა და ელექტრომობილის დაჯახების 39, ხოლო ტრანსპორტით სავალი ნაწილის ჩახერგვის, რამდენიმე ათეული შემთხვევა ფიქსირდება. 

ფოტო; რადიო თავისუფლება

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი