ბათუმში მყოფ პრემიერს ჟურნალისტებმა კითხვები ნინო გვენეტაძის სავარაუდო შემცვლელთან დაკავშირებითაც დაუსვეს. მამუკა ბახტაძე ფიქრობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა იყოს აპოლიტიკური და სარგებლობდეს მაღალი რეპუტაციით. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამ მიდგომას იზიარებს. კანდიდატურებს პრეზიდენტს სამოქალაქო საზოგადოების წევრები შესთავაზებენ.
გიორგი მარგველაშვილი პროცესში იურისტების ჩართვის მომხრეა.უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ 3 აგვისტოს განაცხადა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის, ასევე პოლიტიკოსებისთვის. ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს აირჩია. მან ამ პოზიციაზე კოტე კუბლაშვილი შეცვალა. გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილმა შეარჩია და პარლამენტს წარუდგინა.