ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული იმედა აბაშიძის ოჯახის წევრებმა აქცია ბათუმში პროკურატურასთან გამართეს. ოჯახის წევრების თქმით, იმედა აბაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებულია და ციხეში ყოფნა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. ბრალდებულის ოჯახი აბაშიძის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის პროკურატურას ვადას კვირის ბოლომდე აძლევენ. ოჯახმა დახმარებისთვის სახალხო დამცველსაც მიმართა. იმედა აბაშიძის მეუღლის განცხადებით, მას პროკურორთან შეხვედრა სურდა, მაგრამ ბრალდებულის ოჯახის წევრები უწყებაში არ მიიღეს.
იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტის ინფორმაციით კი, პატიმარი არა ციხის საკანში, არამედ სამედიცინო ნაწილში, ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და იღებს კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურეობას. ასევე დაგეგმილია მისი გადაყვანა Nმე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, რის თაობაზეც ოჯახი ინფორმირებულია. იმედა აბაშიძე გასულ კვირას, სხვა 9 პირთან ერთად ქურდული სამყაროს წევრობისა და კავშირის ბრალდებით დააკავეს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.