ბულვარის კონსერვაცია - დაპირება, რომელიც არ შესრულდა

04 ივლისი 2018, 00:00 2033 ნახვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მაშინ შეცვალა, როცა ბათუმის ბულვართან დაკავშირებით დიდი ვნებათაღელვა იყო. 

ბულვარის ახალი კონცეფციის შექმნას, რომელზეც კომპანია "ოაზისი" მუშაობდა, საზოგადოების დიდი პროტესტი მოყვა. 

ახალი კონცეფციის მიხედვით ბულვარში სასეირნო ხეივანი უქმდებოდა, მის ნაცვლად კი კომერციული დაწესებულებები (კაფეები) უნდა გაკეთებულიყო. კონცეფციის ავტორებს, როგორც თავად ამბობდნენ "ბულვარის ბაქტერიული სიმწვანის" შეცვლაც სურდათ.  

სწორედ ამ იდეებს მოყვა საზოგადოების პროტესტი და მოქალაქეებმა მოითხოვეს, არა მხოლოდ აღნიშნულ კონცეფციაზე მუშაობის შეჩერება, არამედ ბულვარის დაცვისთვის მისი კონსერვაცია. 

2016 წლის 20 დეკემბერს, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლეს საბჭოს ტრიბუნიდან ბულვარის კონსერვაცია დააანონსა. გადაწყვეტილება "ბულვარის დამცველებმა" და ორგანიზაცია "ბათომის" წევრებმაც მოუწონეს. მას შემდეგ ზურაბ პატარძის მხრიდან, ბულვარის კონსერვაციის შესახებ ბევრჯერ ითქვა, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.

რას ნიშნავს კონსერვაცია და რატომ ითხოვდნენ მას ბათუმელები? ეს არის ძეგლის არსებული მდგომარეობის შენარჩუნების, მისი განადგურების ან შეუქცევადი ცვლილებებისგან დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობა. 

ვენეციის კონვენციის მიხედვით კი, ძეგლის კონსერვაციის შემთხვევაში არ უნდა იქნას დაშვებული იმგვარი ახალი მშენებლობა, ნგრევა, ან გადაკეთება, რომელიც შეცვლის მასისა და ფერის არსებულ ურთიერთმიმართებას.

საზოგადოება "ბათომის" წევრი შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ პატარაძემ დრო გაიყვანა, საზოგადოება დროებით დაამშვიდა, ხოლო კომერციული ინტერესების მქონე პირებს არ დაუპირისპირდა.  

"ბუნებრივია, როცა ვსაუბრობთ ბულვარზე, იქ კომერციული ინტერესები გადამწყვეტია და სწორედ ამიტომ არ მოხდა მისი კონსერვაცია. ​პატარაძემ დრო გაიყვანა, ისევე როგორც ამას ფეხბურთში შვებიან. ბულვართან დაკავშირებით ხელისუფლებამ უკან დაიხია, რადგან ძალიან მაღალი  ვნებათაღელვა იყო საზოგადოების მხრიდან, თუმცა როგორც კი მიწყნარდა ტალღა, რადგან პირობა გაჩნდა ბულვარის კონსერვაციის თაობაზე, აღარაფერი გაკეთდა ამ მიმართულებით. 

არ შეასრულეს დანაპირები, რადგან კონსერვაციის შემთხვევაში ვერ განხორციელდებოდა მშენებლობები ვერც პლაჟზე და ვერც ბულვართან ახლოს. ვერ გაჩნდებოდა კაფეები და სხვა კომერციული პროექტების განხორციელების საშუალება აღარ ექნებოდათ, რადგან ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ძეგლს ექნებოდა ბუფერული ზონა, ანუ ე.წ. დამცავი ზონა მის ირგვლივ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დამცავ ზონაში ვერც 54 სართულიან მერიოტს ააგებდნენ, ვერც სხვა მშენებლობებს განახორციელებდნენ და ვერც კომერციული დაწესებულებები მოიმატებდა ბულვარში. ეს იქნებოდა მკაცრად დაცული, ამას კი არ დაუშვებდნენ" - ამბობს შოთა გუჯაბიძე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი