შენობის ავარიულობის გამო, სახალხო დამცველის აპარატი დროებით არ იმუშავებს

27 ივნისი 2018, 00:00 1860 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2018 წლის 2 ივლისამდე სამუშაო პროცესს აჩერებს, მიზეზი შენობის ავარიულობაა. ამის შესახებ განცხადებას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. 

ექსპერტიზის დასკვნით, შენობას მესამე ხარისხის დაზიანება აქვს. 

''მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწვევს ბიძგებს, რაც ისედაც ავარიულ შენობას დამატებით საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საგანგებო რეჟიმზე გადადის. მთავრობის უახლოეს სხდომაზე დაგეგემილია სახალხო დამცველის აპარატისთვის დამატებითი თანხის გამოყოფა, რაც დროებითი ალტერნატიული ფართის დაქირავების შესაძლებლობას მოგვცემს. სახალხო დამცველის აპარატი ყველა ღონეს იხმარს, რათა არ შეფერხდეს საქმისწარმოების პროცესს'' - წერია განცხადებაში. 

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ განცხადებები მისაღებში დატოვონ, თუმცა მათი რეგისტრაცია მხოლოდ ორშაბათიდან მოხერხდება.

ცვლილება ასევე შეეხება ცხელი ხაზის რეაგირების ჯგუფს. დროებით ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება ნომერზე - 598083006. ასევე, ელექტრონულ მისამართზე info@ombudsman.ge

სახალხო დამცველი ბოდიშს უხდის მოქალაქეებს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული ტექნიკური შეფერხება დროულად იქნება აღმოფხვრილი.

შენობაში ბზარები 5 ივნისს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ გაიზარდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი