14 წლიანი დავა მთავრობამ როლანდ ბლადაძესთან წააგო. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ აღიარა, რომ ბათუმში, 2004 წელს, გორგილაძის ქუჩაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომრის, გიორგი პაპუაშვილისთვის გადაცემული ბინა ბლადაძეს უკანონოდ ჩამოართვეს.
ეკონომიკის სამინისტრო ბლადაძესთან მორიგება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ზარალის ანაზღაურების სანაცვლოდ სიმბოლურ ფასად, თბილისში 263 კვადრატულ მეტრ ბინას გადასცემენ.
ამის შესახებ ინფორმაციას როლანდ ბლადაძის ადვოკატი აჩიკო კაიკაციშვილი ავრცელებს.
ადვოკატი ამბობს, რომ შედგა მორიგების აქტი, რაც ერთის მხრივ, ნაწილობრივ აღადგენს ბლადაძისადმი მიყენებულ მატერიალურ ზიანს, ხოლო მეორეს მხრივ, სახელმწიფო ამ აქტით აღიარებს, რომ საქართველოს მოქალაქეს უკანონოდ ჩამოართვა ქონება.
"უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 2017 წლის 5 მარტის განჩინება და 2016 წლის თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც როლანდ ბლადაძეს მოთხოვნა, ეღიარებინათ ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე არსებული ქონების ჩამორთმევა უკანონოდ, არ დაკმაყოფილდა. შედეგად, შედგა ისტორიული შეთანხმება , რითაც სახელმწიფომ აღიარა ბლადაძის წინააღმდეგ დაშვებული სისტემური შეცდომა და დაზარალებული 263 კვარდატული საცხოვრებელ ფართს მიიღებს კეკელიძის ქუჩაზე", - ამბობს ადვოკატი.
შეთანხმების მიხედვით, ეკონომიკის სამინისტრომ ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს მთავრობას უნდა წარუდგინოს პროექტი, რომლთაც ბლადაძეს ერთ ლარად გადაეცემა სახლი.
ადვოკატი ამბობს, რომ ბლადაძეს რჩება უფლება მიმართოს საერთო სასამართლოს ფიზიკური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, თუმცა როლანდ ბლადაძეს სურს, 14 წლის წინ, 2004 წელს ჩამორთმეული ქონების დაბრუნება და სთხოვოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს, თბილისში გადაცემული ქონებას სანაცვლოდ დაუთმოს მისი ბათუმის ბინა .
როლანდ ბლადაძე ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანია. მას საცხოვრებელი ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე 2004 წელს ჩამოართვეს და ამ დრომდე გიორგი პაპუაშვილს ეკუთვნის.
საქართველოს პროკურატურის 2013 წლის დადგენილებით, როლანდ ბლადაძის წინააღმდეგ 2004 წელს დაწყებული გამოძიება შეწყდა.
პაპუაშვილთან ერთად, 2007 წელს საცხოვრებელი ბინები ბათუმში სიმბოლურ ფასად საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებსაც გადაეცათ.
2015 წლის 17 მარტს გიორგი პაპუაშვილმა სადავო ბინა ცოლის დის ყოფილ ქმარს, გიორგი ლევიძეს 195 ათას დოლარად მიყიდა, მაგრამ ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა, რადგან ბლადაძის სარჩელს სასამართლო უკვე განიხილავდა.