ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - ინფორმაციას IPN ავრცელებს.
მერაბ მორჩაძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 ივნისს დააკავა, მას მოწმეზე ზემოქმედებას ედავებიან.
როგორც შს სამინისტროში განმარტეს, მერაბ მორჩაძის დაკავება განხორციელდა მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიებას შსს აწარმოებს.
გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელახლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ფართომასშტაბიანი აქციები გაიმართა, მოკლული დავით სარალიძის მამა ამტკიცებს, რომ მკვლელებს პროკურატურა და ძალოვანები ხელს აფარებენ.
სასამართლო გადაწყვეტილებით, ხორავას ქუჩაზე, 1-ელ დეკემბერს ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე ორი ადამიანი ცნო დამნაშავედ. არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე
მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად, ვინ მიაყენა დავით სალარიძე სასიკვდილო ჭრილობა, უცნობი რჩება.