სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში ომბუდსმენის ოფისის ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ მიწისძვრის შემდეგ, შენობაში ბზარები გაიზარდა, რის გამოც საჭირო გახდა თანამშრომლების სხვა სამუშაო სივრცეში გადაყვანა.
სახალხო დამცველი საჯარო და კერძო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვს.
''მეგობრებო, გუშინდელი მიწისძვრის შემდგომ, ჩვენ ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილს მიწის ქვედა სართულებზე უწევს მუშაობა, რაც ნგრევის შემთხვევაში ევაკუაციის სირთულეს ქმნის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სართულებზე განთავსებული სამსახურები, რომლებიც მომეტებული საფრთხის ქვეშ არიან, გადავიყვანოთ სხვა შენობებში. მინდა მივმართო ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციას, თუკი გაქვთ კეთილი ნება და სამუშაო სივრცე, რომ სახალხო დამცველის თანამშრომლები დაუყოვნებლოვ და დროებით მოთავსდნენ და ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო გარემო, გამოგვეხმაურეთ. რაოდენობებს მოგაწვდით'' - წერია განცხადებაში.
საერთაშორისო სეისმოცენტრის მონაცემებით აღმოსავლეთ-კავკასიაში, კერძოდ აზერბაიჯანში, თბილისის დროით 22.40 საათზე 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში. მიწისძვრა აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 15 კმ-ში დაფიქსირდა.
როგორც ილიას უნივერსიტეტის სეისმოცენტრში აღნიშნავენ, რომ თბილისში მიწისძვრის შეგრძნებითი ინდექსი მაგნიტუდით 4-დან 4,5 -მდე იყო. დედაქალაქში მიწისქვეშა ბიძგები რამდენჯერმა განმეორდა.