ფოტოატელიეს სანაყინედ გადაკეთების იდეა, რომელიც საკრებულოზე რესტორნის აღწერილობით დამტკიცდა - მერიამ პროექტი შეაჩერა და იკვლევს

05 ივნისი 2018, 00:00 2364 ნახვა

ბათუმის ბულვარში, ფოტოატელიეს პროექტი მერიამ და საკრებულომ ჯერ მოიწონეს და დაამტკიცეს, ახლა კი მსჯელობენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე პარკში, რისი გაკეთება სურთ ატელიეს თანამშრომლებს.  ქალაქის მერი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით ფოტოეტელიეს ნაცვლად მსუბუქი კაფე უნდა გაკეთდეს, რომლის ძირითადი პროფილი ფოტოსტუდია იქნება.

სხვა რამე ეწერა დოკუმენტში, რომელიც საკრებულოზე მერიის სამსახურმა წარადგინა 28 მაისს.  დოკუმენტში ეწერა, რომ ტერიტორიაზე საკვები ობიექტი კეთდებოდა, რომლის ეზოში უნდა მოწყობილიყო ტერასა, ქართული კუთხე და "კაფე-ტყეში". 

დღეს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ქალაქის მერი ამბობს, რომ ''სინთეზის'' პროექტი მისი გადაწყვეტილებით შეჩერდა. ჯერ დეტალურად შეისწავლიან ფოტოატელიეს რით ჩანაცვლებას გეგმავს მოქალაქეები, რომლებიც წლებია ამ ობიექტს ამუშავებენ და უვლიან.  

"მე შევაჩერე ყველა პროცესები ფოტოატელიეს საკითხზე, ვიდრე სიღრმისეულად არ მოვიკვლევთ ამ თემას. საწყის ეტაპზე, ეს თემა იყო გაბუქებული და კრიტიკით აღქმული, რამოდენიმე წინადადების გამო, სადაც ეწერა, რომ მომზადდება კერძები. თუმცა მე მოვისმინე, რომ იქ მსგავსი არაფერი იგეგმებოდა და მხოლოდ მსუბუქი კაფე კეთდება, რომელიც შეერწყმება ფოტოატელიეს.

ჩემი ინფორმაციის მიუხედავად,  საკითხი შევაჩერე დამატებითი მოკვლევისთვის.ჩემი მოტივაცია იყო, ადამიანებისთვის რომლებიც წლებია ამუშავებენ ამ სივრცეს და არაერთი თაობა გავიზარდეთ იქ გადაღებულ ფოტოებზე,  ქონოდათ მუშაობის გაგრძელების საშუალება. თუკი რეალურად სხვაგვარი სურათია და ერთმანეთში აქვთ კითხვები ატელიეს თანამშრომლებს ეს უნდა გაირკვეს. ვიდრე  ნათელი სურათი არ დაიხატება რა უნდა გაკეთდეს, მე პროექტი შეჩერებული მექნება" - ამბობს ლაშა კომახიძე. 

- ხომ არ იჩქარა მერიამ და საკრებულომ გადაწყვეტილების მიღება, როცა კონკრეტული პროექტი არ არსებობდა? ამ კითხვაზე ქალაქის მერი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევი არ ყოფილა.

"არ მგონია, რომ ვინმემ ვიჩქარეთ. იმ უსახური შენობის ნაცვლად, იმავე ზომის და მასშტაბით ახალი სივრცის მოწყობა ცუდი არაა, თუმცა საბოლოოდ, ეს უნდა დაზუსტდეს და შეთანხმდეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან და არქიტექტურასთან. ჩვენ იდეას დავუჭირეთ მხარი, შემდეგი ეტაპი უკვე სხვა სამსახურების პრეროგატივაა, ერთი წამით არ გვიფიქრია, ამ უწყებებისთვის გვერდის ავლა.  კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წარმოდგენილი იყო მოსაზრება და არა პროექტი, ჩვენ იდეას დავუჭირეთ მხარი" - ამბობს ქალაქის მერი. 

ბათუმის საკრებულომ, მერიის მიმართვის საფუძველზე, 2018 წლის 28 მაისს, ბათუმის ბულვარის ძველ ნაწილში, 113,00 კვ.მ.  მიწის ნაკვეთი და 89 კვადრატული მეტრი შენობა, იჯარით მოქალაქე ვასილ ოსეფაიშვილს გადასცა. 

"ბულვარში, ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილას, ყოფილი ფოტოატელიეს ტერიტორიის ნაცვლად განთავსდება მრავალფუნქციური კომპლექსი სახელწოდებით „სინთეზი“. კომპლექსის შექმნის კონცეფცია ემსახურება აჭარული ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობა: ფოტოატელიე „ფოტოსინთეზი“, "კაფე-ბარი ტყეში" - ქართულ-ევროპული სამზარეულოს სინთეზით, ტერასა - კულტურული ღონისძიებებისა და შემოქმედებითი საღამოებისთვის,  „ქართული კუთხე“ ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სივრცე ფოტოსესიისთვის".

დოკუმენტის მიხედვით, 28 მაისს, პროექტი მერიას მოსწონდა და საკრებულომაც მერიას პროექტი დაუმტკიცა. 

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი