ყველა დამნაშავე გარეთ არის, ესეც არ იკმარეს და საქართველოს დატოვების უფლებაც კი მისცეს - დავით სარალიძის მამა

01 ივნისი 2018, 00:00 1503 ნახვა

პარლამენტის წინ აქციაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ თქვა, რომ საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა საქართველო დატოვა. სარალიძე და აქციის მონაწილეები სისტემის დაშლას და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

''ჩემო ქართველო ერო, ძმებო და მეგობრებო - მე როგორც ვხედავ სისტემა უკან არ იხევს.სისტემამ გადაწყვიტა მე ბოლომდე გამანადგუროს.

არცერთი პირი არ არის ჯერ-ჯერობით დაკავებული, ვინც ჩემი შვილი მოკლა. ყველა გარეთ არის, ისიც კი არადა საქართველოს დატოვების უფლება მისცეს. ვინ დგას ამ საქმის უკან, ვინ დგას პროკურატურის უკან?

მე პირადად აქ ვიდგები მანამ სანამ ჩვენი მოთხოვნები სამართლიანობის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. სანამ არ იქნება დაკავებული ყველა ის პირი ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა, ვინც ჩაერია ჩემი შვილის მკვლელობაში და ჩემის შვილის მკვლელობის საქმის გაყალბებაში.

თითქმის ექვსი თვეა ამ საქმეს მყარად ვუდგავარ ცოტა დავიღალე მაგრამ ჩემი შვილისთვის ბრძოლას გავაგრძელებ.'' - ამბობს ზაზა სარალიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მირზა სუბელიანმა, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეში ფიგურირებს, საქართველო დატოვა. სუბელიანია ერთ-ერთი ადამიანი, რომლის დაკავებასაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ითხოვს.

ამავე კატეგორიაში