ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სამ მოზარდთან ძალადობრივი ხასიათის სექსუალური და გარყვნილი ქმედებების ბრალდებით დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 141-ე მუხლითაა აღძრული.
138-ე მუხლი გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას, რომელიც ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე. 141-ე მუხლი კი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.