საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ყველა მსხვილი ბარიგის ვინაობა ცნობილია, მათ მფარველობენ და შესაბამისად სამართალდამცველები არ აკავებენ.
“კლუბებზე თავდასხმას ყველაზე დატვირთულ დროს და ხალხმრავალ ვითარებაში, არაფერი აქვს საერთო ნარკოტიკებთან ბრძოლასთან - ეს იყო წმინდა წყლის დამაშინებელი აქცია.
ნარკოტიკებთან ბრძოლა თუ გინდა, ცნობილია ყველა მსხვილი ბარიგის ვინაობაც და მისამართიც. ასევე, შემოტანის არხები, მაგრამ, ამ ყველაფერს ვერ ეხებიან, რადგან არსებობს მფარველები და მფარველობენ უმაღლეს დონეზე. ამიტომ პოლიციას უბრძანეს, რეალური წყაროების ნაცვლად, წმინდა რუსული სტილის დემონსტრირებით შემოიფარგლოს''.
ყოფილი პრეზიდენტი წერს რომ ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში შეცდომები მისი ხელისუფლების პერიოდშიც იყო.
''გვქონდა შეცდომები, მაგრამ ამ შეცდომების პირობებშიც კი, ასეთი სისულელე არავის მოსვლია თავში.
გასამკაცრებელია საზღვრის კონტროლი. მომხმარებლების დევნის ნაცვლად, დაკავდნენ მსხვილი გამსაღებლებით. ასევე საჭიროა, გონივრული საინფორმაციო კამპანია, რათა ახალგაზრდებს ავუხსნათ, თუ რა რისკის შემცველია ნარკოდამოკიდებულება, მათი სიცოცხლისთვის” – წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქ გვერდზე.