„ჩვენი ხელისუფლებისათვის საზოგადოების ნებისმიერი, დიდი თუ მცირე ნაწილის ინტერესები მნიშვნელოვანია და ყველა მათგანთან დიალოგისთვის მზად ვართ'' - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებაშია აღნიშნული. მიხეილ ჩხენკელი ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
''თითოეულ მოქალაქეს ეძლევა საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება და როგორც პრემიერმა განაცხადა, სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად''- აღნიშნულია განცხადებაში.
''განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ახალგაზრდობის ხედვებისა და პოზიციების უკეთ გაცნობას და ამის მზადყოფნას გამოვხატავთ. ამავდროულად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, არ დაუშვას დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩა. ეს მთელი საზოგადოების მოთხოვნა და ინტერესია და ბუნებრივია, ხელისუფლება ამის შესაბამისად იმოქმედებს. იმედი გვაქვს, პირველ რიგში თავად დაპირისპრებულ მხარეებს ეყოფათ გონიერება, არ დაუშვან სიტუაციის გამწვავება. მიმაჩნია, რომ საჭიროა ყველას ერთობლივი ძალისხმევა, რათა აზრთა სხვადასხვაობამ შედეგზე ორიენტირებული კონსტრუქციული თანამშრომლობის ფორმა მიიღოს და ამისკენ მოვუწოდებ ყველა ჯგუფს“, - წერია ჩხენკელის განცხადებაში.