''დაგეგმილი იყო, ნარკოტიკული საშუალებების გასაღება, რასაც შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში შედეგი მოჰყოლოდა'' - შსს

12 მაისი 2018, 00:00 1665 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დღეს ასევე სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზებზე ისაუბრეს. 

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, დაგეგმილი იყო, ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის მძიმე და სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებების გასაღება, რასაც შესაძლოა კვლავ მოჰყოლოდა სიცოცხლისათვის საშიში შედეგი.

'' მოსამართლის განჩინებით, 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ანუ სწორედ იმ დროს, როდესაც გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით, კლუბებში უნდა მომხდარიყო ნარკოტიკული საშუალებების გასაღება.  „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. ამასთან, იმის გათვალისწინებით რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანი იყო უშუალოდ კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, იქ მყოფი დიდი რაოდენობით ახალგაზრდების კლუბიდან ინციდენტების გარეშე გარიდება და კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას უსაფრთხოების დაცვა, მოხდა პოლიციის შესაბამისი ძალების მობილიზება.
საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე, კლუბებში მყოფ პირებს პოლიციის მიერ განემარტათ, რომ თუ ისინი ნებაყოფლობით ჩააბარებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდებოდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან''. 

ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, კლუბში მყოფთა ნაწილმა ნარკოტიკული საშუალებები ადგილზე დატოვა. 

''აღნიშნული პირები, კლუბში მყოფ სხვა პირებთან ერთად, პოლიციის მიერ გაყვანილ იქნენ კლუბის შენობიდან. არც ერთი მათგანის მიმართ პირადი გასინჯვა ან ჩხრეკა არ განხორციელებულა. სისხლის სამართლის წესით კლუბის არც ერთი სტუმარი დაკავებული არ არის.''

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ.; 1992 წელს დაბადებული ლ.მ.; 1996 წელს დაბადებული ქ.მ.; 1997 წელს დაბადებული მ.მ.; 1995 წელს დაბადებული ბ.დ.; 1994 წელს დაბადებული თ.ჩ.; 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ.
პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი ამ დროისთვის განთავისუფლებულია.

ამ მომენტისთვის კლუბებში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი