დღეიდან ''112''-ის ოპერატორებს სკოლის ბაზებზე წვდომა ექნებათ. თუ ბავშვი ექსტრემალურ სიტუაციაში ჩავარდება, ოპერატორები მშობლებს მალევე დაუკავშირდებიან.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შეეცადა დაეკონკრეტებინა, თუ რა დროს დაუკავშირდება მშობელს "112"-ის ოპერატორი.
უწყებაში განმარტავენ, რომ მშობელს დაუკავშირდებიან, როცა ზარი "112"-ში შევა და საქმეში სკოლის მოსწავლე ფიგურირებს. მაგალითად, თუ მოზარდი დაიკარგა, ჩხუბში ჩაერთო, ავარიაში მოჰყვა ან სხვა ექსტრემალური სიტუაციებია, სადაც, შესაძლოა, რამდენიმე წუთს დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.
როგორ მოძებნის "112" ოპერატორი მოზარდის მშობლებს?
თუ მოსწავლემ ზუსტად არ იცის მისამართი და არ ახსოვს მშობლების ტელეფონის ნომრები, მაგრამ ასახელებს რომელ სკოლაში სწავლობს, "112"-ის ოპერატორს სკოლების მონაცემთა ბაზაში, არასრულწლოვანის სახელით, გვარითა და სკოლის მონაცემით, შეუძლია ოპერატიულად დაადგინოს საცხოვრებელი მისამართი და მშობლების საკონტაქტო ინფორმაცია.
ინფორმაციის გაცვლა დახურული ქსელის საშუალებით განხორციელდება. მონაცემები გარეშე პირებისგან დაცული იქნება. მათზე წვდომა მარტო „112“-ის ოპერატორებს ექნებათ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე თავის ადგილსამყოფელს ვერ დაასახელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-სა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა.