პორტის ადმინისტრაციამ შსს მიმართა

03 აპრილი 2018, 00:00 2964 ნახვა

ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ სამართალდამცველებს  გამოძიების თხოვნით მიმართა.

შსს აცხადებენ, რომ პორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პორტში გემი ვერ შევიდა, რადგან თანამშრომელთა ნაწილმა, მცირე ზომის ხომალდებით, ხელოვნურად ჩახერგა ზღვით შესასვლელი. 

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 222-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას გულისხმობს.

გაფიცულები კი ირწმუნებიან, რომ  სხვა თანამშრომლები სოლიდარობას უცხადებენ. "ბლოკირებას ადგილი ჰქონდა თუ არა ამას გამოძიება დაადგენს. ის, რაც ნავსადგურის ფლოტის მცურავი ერთეულის კაპიტნებმა გააკეთეს იყო სოლიდარობის გამოხატვა. ეს არის ნავსადგურის თანამშრომლების საერთო გაფიცვა, ვერ გახდებოდა შესაძლებელი გემის გაყვანა, შემოყვანა, დაცლა და დატვირთვა იმიტომ, რომ ამ პროცესში მონაწილეობს ნავსადგურის თანამშრომლები, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად აქციას აწყობენ. შეგნებულად გემის შემოყვანას ხელს არავინ უშლის" - აცხადებენ მაუწყებელთან აქციის მონაწილეები. 

ბათუმის პორტში თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. თანამშრომლების ნაწილი სამუშაოზე უარს აცხადებს და მეორე დღეა 10 მათგანი შიმშილობს. ისინი მოსალოდნელ რეორგანიზაციას აპროტესტებენ. 

მიუხედავად იმისა, რომ პორტის გენერალურმა დირექტორმა დანიარ მუხამედ-რახიმმა სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პორტში დაგეგმილი რეორგანიზაცია შეჩერებულია, გაფიცულ თანამშრომლებს ეს განცხადება არ აკმაყოფილებთ და გენერალური დირექტორის გადადგომის მოთხოვნა ძალაში რჩება

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი