მას შემდეგ რაც ზურაბ ალავიძის განცხადება პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა, პარტია ,,ევროპულმა საქართველომ” სუს-ს მასალები წარუდგინა, რომელიც როგორც ოპოზიციონერი ირაკლი კიკნაველიძე აცხადებს, უკვე ყოფილი მინისტრის კორუფციულ გარიგებებს ეხება. მისივე მტკიცებით, საქმეში ფიგურირებენ გზების დეპარტამენტის თანამშრომლებიც
''ევროპულ საქართველოში'' ფიქრობენ, რომ ზურაბ ალავიძემ თანამდებობა არა პირადი გადაწყვეტილებით, არამედ კორუფციული სქემის გამო დატოვა. ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ ყოფილის მინისტრის უწყებაში სისტემური კორუფცია იყო და კონკრეტული გარიგებებით თანხის მითვისება ხდებოდა, რის საფუძველზეც ისინი სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობენ. არ გამორიცხავენ, რომ მინისტრთა კაბინეტში სხვა ცვლილებებიც იყოს.
მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა. ~ქართულ ოცნებაში~ ამბობენ, რომ ზურაბ ალავიძემ თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. ყოფილ მინისტრს უმრავლესობაში ახასიათებენ, როგორც ეფექტურ და ენერგიულ მენეჯერს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა ზურაბ ალავიძემ დღეს დატოვა. ის მაია ცქიტიშვილმა ჩაანაცვლა. ის 2012 წლიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელი იყო.