რეგიონული მედიის ასოციაცია პარლამენტს, ია მამალაძის მხარდასაჭერად მიმართავს

20 მარტი 2018, 00:00 2546 ნახვა

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის წევრები  ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი პარლამენტს თხოვნით მიმართავენ, გამოიჩინოთ პრინციპულობა, მიუკერძოებლობა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ია მამალაძის არჩევას მხარი დაუჭირონ.

​‘’ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესების განვითარების საქმეში. განსაკუთრებით დღეს, როცა მაუწყებელი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას და გარდამტეხი რეფორმებია გასატარებელი. ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სამეურვეო საბჭოში ისეთი პროფესიონალების ყოფნა, რომელთაც საკუთარი საქმიანობით არაერთხელ დაამტკიცეს ერთგულება როგორც მედიის, ასევე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. ადამიანების, რომლებიც არასდროს წასულან კომპრომისზე საკუთარ სინდისთან, სიმართლესთან და ობიექტურობასთან კონფორმიზმისა და პირადი კეთილდღეობის ხარჯზე,’’ - წერია განცხადებაში.

საპარლამენტო უმრავლესობამ ია მამალაძე სამ კანდიდატს შორის დაასახელა. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ეს საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან გადადგმული სწორი და სამართლიანი ნაბიჯია, რადგან ია წარმატებული მედიამენეჯერია, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის და საარჩევნო სფეროს მედიასპეციალისტია.

''განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის კარგად იცნობს რეგიონებში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული კუთხეებში არსებულ პრობლემებს. რადგან მიგვაჩნია, რომ სასიცოცხლოდ საჭიროა, საზოგადოებრივ მაუწყებელს მუდმივად ესმოდეს რეგიონების ხმა, გრძნობდეს და იზიარებდეს საქართველოს ყველა კუთხეში მცხოვრები მოსახლეობის, უმცირესობებისა და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს’’ - წერია განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევად ღია კონკურსი 16 თებერვალს გამოცხადდა. 

ბორდის წევრმა, სულხან სალაძემ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საკუთარი განცხადებით პარლამენტს 2018 წლის 9 თებერვალს მიმართა. ამასთანავე, სამეურვეო საბჭოს 3 წევრს - ბორდის თავმჯდომარეს, გრიგოლ გოგელიას, წევრებს - გიორგი კოხრეიძესა და მარინა მუსხელიშვილს 2018 წლის 17 აპრილს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი