ბათუმში ''იაფი სახლი'' შესაძლოა შპს ''მომავლის ხედვამ'' ააშენოს

15 მარტი 2018, 00:00 2364 ნახვა

''იაფი სახლი'' შესაძლოა შპს "მომავლის ხედვამ" ააშენოს. სწორედ ეს კომპანიაა, რომელმაც მერიის მიერ გამოცხადებული ''იაფი სახლის'' ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა. 

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, უახლოეს პერიოდში მოხდება დოკუმენტების დაზუსტება, თუ პრეტენდენტი ყველა პირობას დააკმაყოფილებს, ის  2 მილიონ 181 ათას 664 ლარად  საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს. 

ბათუმის მუნიციპალიტეტმა  ''იაფი სახლის'' მშენებლობაზე ტენდერი, წელს მეორედ, 16 თებერვალს გამოაცხადა. მერიას მშენებლობისთვის თითქმის სამასი ათასი ლარით მეტი  ჰქონდა გათვალისწინებული. 

პროექტის ფარგლებში, ორი ხუთსართულიანი სახლი,  ჯავახიშვილის N78ა -ს მიმდებარე ტერიტორიაზე, 3174 კვადრატულ მეტრზე უნდა აშენდეს. 

შპს "მომავლის ხედვა 2007 წელსაა რეგისტრირებული, დაარსების დღიდან მისი მესაკუთრე რუსეთის და საქართველოს, ორმაგი მოქალაქეობის მფლობელი ზაზა ჯინჭარაძეა, დირექტორი კი ანდრო კონცელიძე.

ბათუმის მერიამ ''იაფი სახლის'' მშენებლობისთვის ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა, მათ შორის წელს უკვე მეორედ. იანვარში გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა.

ხელმისაწვდომი საცხოვრისის მშენებლობისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანია 2 წლის წინაც გამოვლინდა, მაშინ თვითმმართველობამ კომპანია ''კონვერტ ჯორჯიას'' მილიონ 600 000 ავანსის სახით გადაურიცხა, რის შემდეგაც კომპანია გაუჩინარდა.

ვინ იცხოვრებს ე.წ იაფ სახლში? ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ არის.  როგორც ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ, 2018 წლის პირველ მარტს,  "ბათუმელებთან" განაცხადა, მალე გამოაქვეყნებენ „იაფი სახლის'' კრიტერიუმებს, სადაც გაწერილი იქნება, თუ ვინ ისარგებლებს მერიის ამ შეთავაზებით.

''იაფი სახლის'' მშენებლობა ქალაქის მერიამ  2014 წელს დაგეგმა, 5 წლის განმავლობაში პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი