თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მიმოსვლა ნაწილობრივ აღდგენილია. აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ინფორმაცია იმ მოქალაქეებთან გადაამოწმა, რომლებიც თურქეთში ყოველდღიურად გადადიან.
ისინი ამბობენ, რომ "დილით გადავიდნენ, მოძრაობა აღდგა, თუმცა იმის გამო, რომ პერიოდულად სისტემა იჭედება პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს და სარფში ცოცხალი რიგია".
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საზღვარს ვერ კვეთენ მსუბუქი ავტომობილები ქართული სანიშნე ნომრებით, შეფერხებით, მაგრამ საზღვარზე გადადიან თურქული სანომრე ნიშნის მქონე მანქანები.
შეფერხება არ ფიქსირდება სატვირთო ავტოტრანსპორტზე.
რაც შეეხება ქვეითად გადამსვლელებს, უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვებით, თუმცა ეტაპობრივად მოქალაქეები გადადიან, როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მხრიდან.
თურქულმა მხარემ, საზღვარზე მიმოსვლა, გუშინ, 7 მარტს, 22 საათიდან აღადგინა.
სარფის საბაჟო პუნქტზე მიმოსვლა პარალიზებული 7 საათი განმავლობაში იყო, მიზეზი თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში ელექტრონული სისტემის გათიშვა გახდა.