მოვაჭრეების, მეწარმეების და საჯაროს სივრცეში მომუშავე სხვა პირების დაზღვევა სავალდებულო ხდება

28 თებერვალი 2018, 00:00 2287 ნახვა

სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების, სასტუმროს, ავტოგასამართი სადგურის მფლობელებს ხვალიდან ახალი ვალდებულება ემატებათ.

მასობრივი თავშეყრის ობიექტების მეპატრონეებს, მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება ექნებათ. ძალაში შედის მთავრობის დადგენილება, რომელიც გასული წლის დეკემბერში მიიღეს. მესამე პირად ითლება ნებისმიერი პირი, მათ შორის სავაჭრო ცენტრში დასაქმებული მეწარმე.

ახალი რეგულაციის დაწესება, მზარდი სტატისტიკის გამო გადაწყდა. ბოლო წლებში, საქართველოს სხვადსხვა ქალაქში, ბაზრობებზე ათობით ხანძარი გაჩნდა.

დადგენილებაში წერია, რომ მთავარი მიზანი მასობრივი თავშეყრის ობიექტებში დასაქმებულების, როგორც პირადი, ასევე ქონებრივი ინტერესების დაცვაა.

ახალი რეგულაციით განსაზღვრულია წლიური სადაზღვევო ლიმიტებიც. თუ მესამე პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას  ზიანი სავაჭრო ცენტრში, ბაზრობაზე ან ავტოგასამართ სადგურზე მიადგა, ასანაზღაურებელი თანხის მინიმალური ლიმიტი 300 ათასი ლარია, სასტუმროს შემთხვევაში კი 600 ათასი. დეტალურად არის გაწერილი ყველა სხვა შემთხვევაც.

სადაზღვევო შემთხვევად, ხანძრის აფეთქების ან კონსტრუქციის ნგრევის შედეგად მესამე პირის სიცოცხლისთვის ჯანმრთელობისთვის ან ქონებისთვის მიყენებული ზიანი ითვლება.

მთავრობის დადგენილებით, მასობრივი თავშეყრის ადგილად ავტობაზრობა და აგრარული ბაზარი არ ითვლება.

ამავე კატეგორიაში