ვიზალიბერალიზაციაზე შეჩერების მექანიზმის ამოქმედება არ იგეგმება

19 თებერვალი 2018, 00:00 1810 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვიზალიბერალიზაციით ამ დროისთვის 220 000-მა ადამიანმა ისარგებლა. მიხეილ ჯანელიძემ მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებისას არ წამოეგონ ცრუ ინფორმაციას. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში თავშესაფარს არამიზნობრივად ითხოვენ.

დღეს არ დგას შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი _ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, კითხვები უვიზო რეჟიმის დარღვევის მზარდი სტატისტიკის გამო გაჩნდა. მიხეილ ჯანელიძის განმარტებით, საქართველოს მთავრობა ევროპულ სტრუქტურებთან აქტიურად თანამშრომლობს ორგანიზებული დანაშაულის აღკვეთის კუთხით. კრიმინალთან ბრძოლას მთავრობა პარტნიორებთან ერთად აპირებს. იგეგემება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტი გერმანიაში. რაც შეეხება კიდევ ერთ პრობლემას _ თავშესაფრის მოთხოვნას _ საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნა არალეგიტიმურია, რადგან ის იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდება თუკი მისი მოტივი პოლიტიკური დევნა ან უფლებების დარღვევაა. ჯანელიძის განცხადებით, ევროკავშირის 6-მა ქვეყანამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებითაც, შეჩერების მექნიზმის ამოქმედების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. გიორგი აბაშიშვილი ნეგატიური კამპანიის შესაძლო წყაროდ რუსულ პროპაგანდას ასახელებს და ამბობს, რომ საჭიროა ამ ტიპის ინფორმაციის წარმომავლობის დეტალური გადამოწმება. ამასთან ერთად, ის ყურადღებას ამახვილებს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაზე _ თუ რა მნიშვნელობა აქვს იმ რისკებისა და საფრთხეების შეფასებას, რაც სავიზო პირობების დარღვევას შესაძლოა მოჰყვეს.  

საინფორმაციო კამპანისთან ერთად რეგულაციების გამკაცრებაზე საუბრობენ ექსპერტებიც. ისინი ფიქრობენ, რომ პრევენციისთვის მნიშვნელოვანია საზღვრის კვეთამდე შემოწმდეს მოქალაქეტა დოკუმენტაცია, რათა შემდეგ ნეგატიურმა სტატისტიკამ ქვეყნის იმიჯი და მიღწეული წარმატება არ დააზარალოს. 

მთავრობის წევრების განცხადებით, მნიშვნელოვანია მოსახლებამ იცოდეს რა რისკები ახლავს არალეგალურ მიგრაციას. საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციით 220 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. მოკლევადიანი ვიზიტების მიზანი  ძირითადად ტურისტული, ბიზნეს და კულტურული კავშირების გაღრმავება იყო.
 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში