დღეს ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრაზე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესი განიხილება.
ასევე, საუბარი შეეხება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებულ დღის წესრიგს, რომელიც მოიცავს პრიორიტეტებს 2020 წლამდე. პლენარული სხდომის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომთან. ასევე, ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ მინისტრთა კაბინეტის წევრები.