გულის ოპერაციის გასაკეთებლად სახელმწიფო მოქალაქეს 22 ათასი ლარით დააფინანსებს

25 დეკემბერი 2017, 00:00 9388 ნახვა

გულის ოპერაციის გასაკეთებლად სახელმწიფო მოქალაქეს 22  ათასი ლარით დააფინანსებს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ემზარ ჩოგაძის ოჯახს მიეცა გარანტია, რომ კლინიკაში პაციენტს წინასწარი ანაზღაურების გარეშე მოათავსებენ და ოპერაციას გაუკეთებენ.   მოქალაქის მხრიდან თანადაფინანსების საკითხი კი შემდეგ  გადაწყდება.  

 „ოპერაციის საერთო ღირებულება თავის სტენდიანად აჭარაში 25 000 ლარია, თუმცა პაციენტმა და მისი ოჯახის წევრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გაკეთებულიყო ოპერაცია, სადაც შეიძლება ითქვას, ერთნახევარჯერ ძვირია ოპერაციის ღირებულება. ამ შემთხვევაშიც მოხდა მათი მოთხოვნის გათვალისწინება. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტის მოსარგებლეა, მაინც დაუფინანსდა ზღვრული ლიმიტი 15 000 ლარი, მოვახერხეთ კომუნიკაცია საქართველოს ჯანდაცვის რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებში და პროგრამულად მიეცა გარანტია 6000 ლარზე. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა დაუმატა 1000 ლარი. ჯამში, ამ ერთი მოქალაქისთვის ხარჯების დაფარვა სახელმწიფოს მხრიდან მოხდა 22 000 ლარით“ -განაცხადა ზაალ მიქელაძემ. 

თხილნარის მკვიდრ ემზარ ჩოგაძის ოჯახის წევრებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მთავრობის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

აჭარის მთავრობის შენობასთან დღეს ემზარ ჩოგაძის ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი, გულის ოპერაციისთვის საჭირო თანხის გამოყოფას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით რუსთაველის ქუჩაც გადაკეტეს.

პაციენტს პირველი ოპერაცია ორი წლის წინ მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით ჩაუტარდა. განმეორებითი ქირურგიული ჩარევისთვის კი 32 ათასი ლარი ესაჭიროება. 

ამავე კატეგორიაში