ვარლამ გოდვაძის, იგივე ბოცორიას ძეგლისთვის ბათუმელების ნაწილი თანხას აგროვებს. ჯიმსონ გურგენიძე, რომელიც ბოცორიას ქანდაკების მოდელის ავტორია, ინიციატივით გამოდის ქალაქელებმა თანხა მოაგროვონ და ძველი ბათუმის კოლორიტს ძეგლი საკათედრო ტაძართან დაუდგან. სწორედ საკათედრო ტაძართან გაატარა ცხოვრების ბოლო წლები ბოცორიამ.
"რატომ უნდა იყოს მხოლოდ გმირების ან გამოჩენილი ადამიანების ძეგლები ბათუმში? ჩვეულებრივი, კეთილი, ლამაზი, სახასიათო ბათუმელის ძეგლის დადგმა ძალიან სიანტერესო იქნება და იმედია ამ ინიციატივაში ამყვებიან ბათუმელები. ეს ადამიანი ვისაც ახსოვს, იყო თბილი, უბრალოდ და ულამაზესი, ვისაც აქვს ძველი ბათუმის ნოსტალგია, ახსოვს ეს არაჩვეულებრივი ადამიანი, ალბათ აგვყვებიან იდეაში" - ამბობს ჯიმსონ გურგენიძე.
ფოტო: ბოცორიას ძეგლის მოდელი
ბოცორიას ძეგლის დადგმის იდეა ჯიმსონ გურგენიძესთან ერთად ფოტოგრაფ გიზო ჩიგოგიძეს ეკუთვნის. ქანდაკების მოდელიც ფოტოგრაფის ძველი ფოტოების მიხედვით გაკეთდა, ორგანიზაცია ა(ა)იპ "ძველი ბათუმის ნოსტალგია" დაფუძნდა და იდეის ავტორები ახლა ფინანსების მოგროვებას ცდილობენ.
ჯიმსონ გურგენიძე სოციალურ ქსელში წერს:
"ბათუმელების საყურადღებოდ!
მეუფე დიმიტრის კურთხევით შეირჩა ადგილი ვარლამ გოდვაძის - ბოცორიას ქანდაკებისთვის ღვთისმსშობლის ეკლესიის შესასვლელთან, სადაც ის სულ იჯდა და არ ითხოვდა მოწყალებას.
ახლა კი საჭიროა ბათუმელების ინიციატივა, ვისაც ახსოვს ბათუმის კოლორიტი-ბოცორია, მონაწილეობა მიიღეთ ამ კეთილ საქმეში და ველოდებით თქვენგან ქველმოქმედებას.
ნებისმიერი თანხა და თითო ლარი, თქვენს მიერ შემოწირული, ხელს შეუწყობს ამ წამოწყების განხორციელებას.
შექმნილია ა(ა)იპ "ძველი ბათუმის ნოსტალგია" და გახსნილია ანგარიში: GE76VT9800000021973608 VTB ბანკში ბათუმელების ქველმოქმედებისა და შემოწირულობის იმედით ბოცორიას ქანდაკების შესაქმნელად. საკონტაკტო ტელეფონი 574 09 77 30”.
იდეის ავტორებისთვის ამ ეტაპზე უცნობია მერიის პოზიცია, ნებართვისთვის ჯერ თვითმართველობისთვის არ მიუმართავთ.
ჯიმსონ გურგენიძე ამბობს, რომ ურჩევნია ფინანსები მოქალაქეებმა შეკრიბონ, ვიდრე ამაში თანხა მერიამ დახარჯოს.
ფოტოზე ადგილი, სადაც ძეგლის დადგმის სურვილი აქვთ ორგანიზატორებს