მიწისქვეშა სამუშაოების დროს დაზიანებული ქვევრის აღდგენა სავარაუდოდ ერთ თვეში დასრულდება. არქეოლოგების შეფასებით, ქვევრი მეოთხე-მეექვსე საუკუნეებს ეკუთვნის. სპეციალისტები ორნამენტებისა და თიხის უნიკალურობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
ეს ის ქვევრია, რომელიც ერთი კვირის წინ სამუშაოებისას აღმოაჩინეს და შემდეგ დაამტვრიეს. პროცესში მალევე ჩაერთო კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო, რის შემდეგაც თამარის დასახლებაში სამუშაოები შეჩერდა, თუმცა დღეს დილით იქ გზის გადათხრა ისევ გრძელდებოდა, როგორც აღმოჩნდა, კომპანიას არქეოლოგიური დასკვნა ჯერ სააგენტოსთვის არ წარუდგენია, რის გამოც, პროცესი სააგენტომ, პოლიციის ჩარევით მეორედ შეაჩერა. ამასთან, არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი ფიქრობს, რომ თამარის დასახლებაში შესაძლოა სხვა არქეოლოგიური ნაშთებიც აღმოჩნდეს.