მომავალი წლიდან სელექტიური კონტრაქტირების პირობები ყველა კლინიკაზე გავრცელდება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვისთვის სამედიცინო დაწესებულებებს გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ.
სელექტიური კონტრაქტირების ზუსტი პირობები, სავარაუდოდ, იანვრიდან გახდება ცნობილი. პირობები კლინიკების ხელმძღვანელებთანაც შეთანხმდება და ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ამ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებენ, პროგრამიდან ამოვარდებიან, თუმცა ლიცენზია არ გაუუქმდებათ და საქმიანობას გააგრძელებენ.
ახალი წესები როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხის, ასევე ადმინისტრაციული დარღვევების მიმართულებით შემუშავდება. სელექტიური კონტრაქტირების წესი აქამდე მხოლოდ დედათა და ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებებისთვის მოქმედებდა.