ბათუმში ორი კაცი დაჭრეს

07 ოქტომბერი 2017, 00:00 10787 ნახვა

რამდენიმე  წუთის წინ, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე ორი კაცი დაჭრეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების განმარტებით, მათ სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებოდათ. 

რეფერალური საავადმყოფოს წარმომადგენელთა განცხადებით, ორივე მათგანს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. 46 წლის კაცს,  მარცხენა ფეხის არეში   რბილი ქსოვილები აქვს დაზიანებული. პაციენტს შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა. მედიკოსების თქმით, ის გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბინაზე გაეწერება

რაც შეეხება მეორე პირს. 56 წლის კაცს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ორივე ფეხზე, მენჯ-ბარძაყის მიდამოში აღენიშნება. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

ინციდენტის დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების განმარტებით, დამნაშავე პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

ამავე კატეგორიაში