კაპიტანი წავიდა - ზაზა ფაჩულია „მშვიდობით ჩემო ნაკრებო“

07 სექტემბერი 2017, 00:00 2530 ნახვა

ზაზა ფაჩულიამ საქართველოს ნაკრები დატოვა. კალათბურთელმა ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ცოტა ხნის წინ გაავრცელა. „ძალიან რთულია დატოვო ის, რაც მრავალი წელი შენს ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა, დამეთანხმებით. 17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ გამოგვივიდა და დანარჩენს დიდი იმედი მაქვს მომავალი თაობები გააგრძელებენ. ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმამ მეტის საშუალება არ მომცა, მაგრამ სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურებია.

ყველაზე ძალიან გული მწყდება გულშემატკივრებზე, რომელთა თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე, ჩემი კარიერის განმავლობაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით და კვლავ მომავლის იმედით. ახლა კი მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო, კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება. მადლობა“, - ნათქვამია ზაზა ფაჩულიას მიმართვაში. ევრობასკეტი 2017-ის გათამაშებაში საქართველოს ნაკრები იტალიასთან 2 ქულიანი სხვაობით დამარცხდა. 33 წლის სპორტსმენისთვის ბოლო შეხვედრა საქართველოს ნაკრების რიგებში სწორედ იტალიის წინააღმდეგ შედგა, რომელშიც ფაჩულიამ 9 ქულა, 12 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა გუნდს. ქართველმა კალათბურთელებმა ჯგუფური ეტაპის ხუთი მატჩის ფარგლებში ლიტვისა და ისრაელის დამარცხება შეძლეს, ხოლო გერმანიასთან, უკრაინასთან და იტალიასთან დამარცხდნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი