ე.წ. ციანიდის საქმეზე დასკვნითი სხდომა დღეს გაიმართება.

01 სექტემბერი 2017, 00:00 2790 ნახვა

საუკუნის სასულიერო სკანდალად წოდებული საქმის  სასამართლო პროცესი დღეს დასრულდება. დაკავებულის უფლებადამცველები ბოლო სასამართლო სხდომაზე დასკვნით  სიტყვას იტყვიან. ისინი  საქმეში არსებულ 12 ტომიან  მტკიცებულებებს და  110-ზე მეტი მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებებს შეაჯამებენ. სხდომაზე სასამართლოს თავად ბრალდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძეც საბოლოო სიტყვით მიმართავს, რის შემდეგაც მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი განაჩენის გამოსატანად გავა. 

 როგორც დაკავებულის უფლებადამცველმა მიხეილ რამიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში განაცხადა, ბრალდებული დეკანოზი  დეტალურად ისაუბრებს ვის ინტერესებში შედიოდა, სასულიერო პირის დაკავება და რამდენად არის პატრიარქის რეფერანტი, შორენა თეთრუაშვილი  ამ საქმეში დაზარალებული. 
„საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს და საპატრიარქოში არსებულ გარემოებებზე ისაუბრებს. ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზეც, შეეძლო თუ არა შორენა თეთრუაშვილის მისი კარიერული წინსვლის შეფერხება.   მამა გიორგის არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია,  წაყენებული ბრალი არის უსაფუძვლო, ამიტომ მოსამართლეს გადაწვეტილება მის ობიექტურობაზე და დამოუკიდებლობაზე არის დამოკიდებული“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.  
თბილისის საქალაქოს სასამართლოში პროცესი 11 საათზეა ჩანიშნული.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში