31 აგვისტო - ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე

31 აგვისტო 2017, 00:00 3499 ნახვა

31 აგვისტო მშვიდობისმყოფელის დღეა. საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს დღევანდელი დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გენერალური შტაბის მართვის ცენტრიდან მიულოცა. მან ავღანეთში, მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დისლოცირებულ მშვიდობისმყოფელებს ტელეხიდის საშუალებით მიმართა და მათგან ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ქართველ სამშვიდობოებს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

დღესვე, ლევან იზორიამ კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო. 31 აგვისტო მშვიდობისმყოფელის დღედ გასულ წელს, თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით დაწესდა. 18 წლის წინ, 1999 წელს, პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, სწორედ ამ დღეს გაემგზავრა. საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში 1999 წლიდან მონაწილეობს. ამჟამად, ქართული სამხედრო კონტინგენტი (900-მდე სამხედრო მოსამსახურე) საერთაშორისო ოპერაციას ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში ასრულებს. ერთი ქვეითი ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო -საწვრთნელ მისიაშია (EUTM RCA) ჩართული, მალიში (EUTM Mali) კი საქართველოს შეიარაღებული ძალები ერთი ოფიცრითაა წარმოდგენილი - ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე კატეგორიაში