ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ტრაგიკული ინციდენტი რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა

28 დეკემბერი 2024, 17:50 238 ნახვა

ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა ყაზახეთში, ქალაქ აქთაუს აეროპორტთან, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით სატელეფონო აუდიენცია გამართეს.

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ტრაგიკული ინციდენტი რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა.

განცხადების თანახმად, რუსეთის ლიდერმა, კიდევ ერთხელ გამოთქვა სამძიმარი დაღუპულთა ოჯახების მიმართ, დაშავებულებს კი, სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, საუბარში აღინიშნა, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი გროზნოში დაშვებას უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევისა და რუსული საჰაერო თავდაცვის ოპერაციების დროს ცდილობდა.

„აზერბაიჯანულმა სამგზავრო თვითმფრინავმა არაერთხელ სცადა დაშვება გროზნოს აეროპორტში, ამ დროს გროზნოს, მოზდოკსა და ვლადიკავკაზს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები დაესხნენ თავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი რუსეთის ინიციატივით შედგა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში