პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

08 აგვისტო 2017, 00:00 2144 ნახვა

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთის მხრიდან მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა. დე-ფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან ბიჭვინთაში შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვი თვითაღიარებული რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გარანტი იქნება. მან ოკუპირებულ აფხაზეთთან ურთიერთობას განსხვავებული და განსაკუთრებული უწოდა.

რუსეთის პრეზიდენტი რუსეთ-აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროთა საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრების ორგანიზებასაც შეეხო. რაულ ხაჯიმბამ კი აღნიშნა, რომ მოსკოვის მხარდაჭერით არაღიარებული რესპუბლიკა სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული განვითარების, თავდაცვისა და უსაფრთხოების გზაზე წარმატებულია. ვლადიმერ პუტინი დე-ფაქტო აფხაზეთში დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით ჩავიდა.

,,სპუტნიკ-აბხაზიას" ცნობით, შეხვედრის შემდეგ მხარეებმა პრესისთვის  ერთობლივი განცხადებები გაავრცელეს. აუდიენციის ფარგლებში ე.წ. შეთანხმების გაფორმება იგეგმება, რომელიც დაზღვევის სფეროში თანანშრომლობას ითვალისწინებს. ე.წ. ხელშეკრულება აფხაზეთში მუდმივი ბინადრობის მქონე რუსეთის მოქალაქეებს ფედერაციაში სამედიცინო დაზღვევის მიღების ნებას აძლევს. ეს დე-ფაქტო აფხაზეთში პუტინის მეოთხე ე.წ. ვიზიტია.

ამავე კატეგორიაში